რეზონანსი
04.04.2026

„ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სტერილიზაცია ყველა რაიონის დონეზე, შეიცვალოს ანტიჰუმანური კანონი“,- ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მოქალაქეები შინაური ცხოველებით მივიდნენ, ასევე ბანერებით შემდეგი წარწერებით : „არა მკვლელ კანონს“, „ვეძებთ გამქრალ 9000 ძაღლს“, „სად გაქრნენ ჩვენი მეგობრები“, „არ დაგითმობთ ცუგებს“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ითხოვენ 92-ე განკარგულების და 412- ე განკარგულების, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილებებს, რაც „ოთხფეხა მეგობრების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს“. აქციაზე მყოფების თქმით, მათი მოთხოვნაა, ცხოველებს, რა ადგილიდანაც გადაიყვანს სურსათის ეროვნული სააგენტო, დააბრუნოს იმავე ადგილას, რათა არსებობდეს კომუნიკაცია მათ მიმკედლებლებთან.

ამასთან, მოქალაქეების თქმით, არიან ძაღლები, რომლებსაც არ ჰყავთ მიმკედლებელი, ამიტომ სავალდებულო უნდა გახდეს კამერების დაყენება, ამგვარად კი არასამთავრობო სექტორმა შეძლოს ასეთი ძაღლის ადგილსამყოფლის გადამოწმება.

„დააბრუნეთ ძაღლები, საიდანაც აიყვანეთ. ძაღლები გადაჰყავთ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ტყეში, სადაც ისინი შიმშილით, ნელი სიკვდილით კვდებიან“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანები ცხოველებისთვის“ დამფუძნებელი, მარინა გერსენაძე-კაციტაძე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია აპოლიტიკურია.

„სანამ ქუჩაში არ გავალთ ყველა სოციალურ საკითხებზე, სანამ ყველაფერს პოლიტიკას დავარქმევთ, 5 თეთრით არა, 200 თეთრით გაუძვირდებათ სავარაუდოდ დენი. მე ჩემი პრეტენზიები მაქვს, პოლიტიკურს სხვა ადგილას დავაფიქსირებ. აქ ძაღლებზეა ლაპარაკი, რა პოლიტიკა“, - განაცხადა მარინა გერსენაძე-კაციტაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×