
ხელისუფლებაში ეკა გიგაური რომ იყოს, რას გააკეთებდა ისეთს რუსეთთან მიმართებაში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს? ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა, თუ ომს დაიწყებდა ტერიტორიების გასათავისუფლებლად? – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვოლსკიმ უპასუხა კითხვას ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
„ისტორია მეორდება. საქართველოში როცა დაძაბულობა იყო და ცდილობდნენ, რომ ერთიანობა შეენარჩუნებინათ, აქ ვიღაც გამოჩნდებოდა დიდგვაროვანი, რომელიც წავიდოდა და სხვა ქვეყნის მეფის კარზე, მუხლებზე დაეცემოდა და საკუთარი ქვეყნის დასასჯელად ჯარს სთხოვდა. თანამედროვე სამყაროში, ეს უკვე პარლამენტში გამოსვლით ხდება. სამწუხაროა, რომ ეს ასე ხდება, მაგრამ პრაგმატული ნაწილიც არსებობს, ამას რის გამო აკეთებენ, რატომ, რა არ გავაკეთეთ? ხელისუფლებაში ეკა გიგაური რომ იყოს, რას გააკეთებდა ისეთს რუსეთთან მიმართებაში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს? ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა, ომს დაიწყებდა ტერიტორიების გასათავისუფლებლად? – რასაც აკეთებენ, მოღალატეობრივი აქტია, რასაც გამართლება არ აქვს, არც პრაგმატული და არც ემოციური“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.