
ამერიკის გააქტიურება არის საქართველოს მიმართ ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება. ეს, გარდა ჩვენი ინტერესისა, ამერიკის ინტერესებშიცაა. ამერიკის უმოქმედობა მეტი თავხედობის გასაქანს მისცემს რეჟიმს. მკაფიო ზეწოლის პარალელური კომუნიკაცია ჩვენს ინტერესებშია, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს ეხმაურება. როგორც წერილშია ნათქვამი, თუ დავაკვირდებით კონტექსტს, ეს ზარი საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის, კარგის ნიშანია.
„ამერიკის სახელმწიფო მდივნის ზარი კობახიძესთან განმარტებას მოითხოვს ჩვენგან, ოპოზიციისგან. მან შეიძლება გააჩინოს ლეგიტიმური კითხვები აღიარებასა და დემოკრატიული დღის წესრიგის აქტუალობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, თუ დავაკვირდებით კონტექსტს, ეს ზარი ჩვენთვის, საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის, კარგის ნიშანია. აქ უნდა დავუკვირდეთ მოვლენათა ჯაჭვს და კომუნიკაციის ფორმებს.
აღიარება იქნებოდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში. ამას დიპლომატიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ზეწოლა და შეიძლება იყოს აღიარება, გააჩნია ძალთა ბალანსს, თემატიკას, კომუნიკაციის ფორმას და კონტექსტს. ოფიციალური ვიზიტი გულისხმობს აღიარებას, სატელეფონო ზარი კი საქმიან მესიჯს ძლიერი სახელმწიფოსგან. მაგალითად, ვენსის ვიზიტი იყო ოფიციალური.
კონტექსტი ამერიკის ,,ანტირუსული“ (ასე დავარქმევ, რადგან გაცხადებულად თუ არა, მაინც ასუსტებს რუსეთის პოზიციას) ქმედებები მოვიდა ჩვენს რეგიონში, ირანი, TRIPP. ირანის საკითხში ამერიკის ნეგატიური ინტერესის საგანს წარმოადგენს საქართველოში ირანის გავლენების გაძლიერება, რაც ჰადსონის კვლევამ უტყუარად აჩვენა. TRIPP-ის კონტექსტში საქართველოს დემოკრატიულობა და ნამდვილი მშვიდობა TRIPP-ის წარმატების ფაქტორია.
ურთიერთობების კონტექსტი - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ხაზგასმით საქმიანი ვიზიტი და ოპოზიციასთან კომუნიკაცია, გააქტიურებული კონგრესი, გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა და „ოცნების“ იზოლაცია, უკვე შემდგარი ფაქტია. სანქციებს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკის გააქტიურება არის საქართველოს მიმართ ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება. ეს, გარდა ჩვენისა, ამერიკის ინტერესებშიცაა. ამერიკის უმოქმედობა მეტი თავხედობის გასაქანს მისცემს რეჟიმს. მკაფიო ზეწოლის პარალელური კომუნიკაცია ჩვენს ინტერესებშია.
ახლა აქციების და ოპოზიციის როლი კიდევ უფრო იზრდება! საერთო ეროვნული მობილიზაციის ინიციატივა 26 მაისს კულმინაციის ძალიან დროული და სწორი საქმეა ამ მხრივაც! მოგვთხოვეთ პასუხი და ანგარიში ოპოზიციას ყველა საკითხზე, არ მოგვცეთ შეცდომების დაშვების ფუფუნება! ბოლომდე! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში.