
უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი ძალების არსებობა, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ყაველაშვილს კითხვა დაუსვეს ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებაზე.
„ეს არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენთვის - მით უმეტეს. განსაკუთრებით უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ასეთი ძალების არსებობა. მათ აღარ დამალეს და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს ხელისუფლებაზე, გარედან და აქაც, არასამთავრობოებისა და რადიკალური ოპოზიციის საშუალებით. ვხედავდით, არაერთხელ დაისვა კითხვა, რას ითხოვდნენ ომის პირველ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან. აქციებიც მოაწყვეს და დღეს თითქოს ჩუმად არიან, თითქოს სხვა პროტესტი ჰქონდათ. ხომ ვიცით, რა უნდოდათ. უნდოდათ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები და იარაღი გაგვეგზავნა უკრაინაში. არაერთხელ მითქვამს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ამერიკის პრეზიდენტმაც აღნიშნა, მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი მთავრობის მხრიდან ნიშნავს, რომ ქვეყანა ომში ერთვება. სწორედ ამას ითხოვდნენ ეს ადამიანები, რომლებიც დღესაც აქციებზე დადიან. როცა ამბობენ - ომი გინდათ, ომს ვინ ითხოვდაო, ეს ხომ ომში ჩართვა იყო პირდაპირი მნიშვნელობით. იმას აღარ ვამბობ, კულუარებში რას ითხოვდნენ.
ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ რადიკალურ ფრთას არავითარი შესაძლებლობები არ აქვს. მათი ერთადერთი შესაძლებლობაა, სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება, რომელსაც ჩვენ კანონის საშუალებით ვამხელთ. როგორ წარმოგიდგენიათ, დამოუკიდებელ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები სხვა ქვეყნიდან ფინანსდებოდნენ. ეს ხომ წარმოუდგენელია. კრიტიკულ ვითარებაში დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებიც, რომლებიც თითქოს ქვეყნის განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ. აქციებზე მათი დიდი ნაწილი იყო გამოსული, მართლა წარმოუდგენელი ფაქტი იყო, როცა ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და ხელისუფლების გადაბარებაზე ჰქონდათ აქცენტი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ გაერთიანებულნი არიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები.
„იმ ხალხში, რომელიც დღეს შეიკრიბა, ვინ არის ახალი? ისინი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ზოგიერთი ახალგაზრდა ამბობს, მაშინ პატარა ვიყავი და არაფერი მახსოვსო, შევახსენებ, რომ იცოდნენ მათი დანაშაულები. ამ ადამიანების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს - ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმულები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ. ახლა ციხეში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მაშინ აღლუმი ჩაატარა ჩვენი ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისზე საუბარს და მასშტაბურ ეროვნულ აქციებს. ეს წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.