რეზონანსი
03.04.2026

მზია ამაღლობელი დღეს გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი და სჭირდებათ იმისთვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასასხმელად - ერთი ადამიანი გასწირეს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ვითომ, რაღაც ზეწოლა განახორციელონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ე.წ. უდოს კომისიამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.

მისივე თქმით, ბრიუსელმა საკუთარი სიჩუმით ძალადობა წაახალისა და მთავარი დამნაშავე ამ საკითხში სწორედ ბრიუსელია.

„კომისიის გადაწყვეტილებაა, თუმცა ამ დასაბუთებას, რა თქმა უნდა აქვს თავისი ლოგიკა. ეს იქნებოდა უთანასწორო მოპყრობა პატიმრების მიმართ. ერთ პატიმარს იმის გამო, რომ ვიღაც უცხოელს აქვს მის მიმართ სიმპათია, მოეპყრო სხვანაირად და სხვა პატიმრებს, რომელთა მიმართაც ეს კონკრეტული უცხოელები ყურადღებას არ იჩენენ, სხვანაირად მოეპყრო, უბრალოდ, დისკრიმინაცია იქნებოდა. სავარაუდოდ, ამ მოტივებითაც იხელმძღვანელა კომისიამ.

მზია ამაღლობელი დღეს გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. ბრიუსელი და უცხოელები არიან ზოგადად ამაში დამნაშავე. ბრიუსელია დამნაშავე, ვინაიდან არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, ახდენდნენ ძალადობის ნორმალიზებას და ძალადობის, როგორც პოლიტიკური იარაღის, ნორმალიზებას. დღემდე ბრიუსელს არც ერთი განცხადება არ აქვს გაკეთებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობის, როგორც პოლიტიკური იარაღის, გამოყენებაზე. სწორედ არდაგმობა იწვევს წახალისებას. ის, რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის დამსახურება, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს ასეთი ძალადობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ. უდოს კომისიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა. „ბათუმელების“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×