
ირანის ელჩის ორივე განცხადება მუქარის ტონად აღვიქვი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა.
დეკანოიძემ ისაუბრა საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის ბოლო განცხადება, რომლის თანახმად, "ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით", ჯერ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გამართა.
დეკანოიძის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო ირანის საელჩოს ტონი მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მისი შეფასებით, როგორც წინა, ისე დღევანდელი განცხადებები შეიცავდა, როგორც მუქარის ელემენტებს, ისე მოთხოვნებს.
„ირანის ელჩის ორივე განცხადება მუქარის ტონად აღვიქვი. ორი დღის წინ, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრთან ზარი განახორციელა, ამის შემდეგ ირანის საელჩოს ტონი არასასიამოვნო იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნება" ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ ყველასთან აქვს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, სულაც არ იყო ეს განცხადება ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისობაში. დღევანდელი განცხადებაც ფაქტია, რომ არის მუქარით და ასევე მოთხოვნით. ირანის ელჩი განმარტავს რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა კი არ დაიბარა იმ მუქარისთვის, რაც გუშინწინდელ განცხადებაში გამოაქვეყნა, არამედ თვითონ მოითხოვა შეხვედრა.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" მიზანმიმართულად ძირგამომთხრელი პოზიციები საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მშვიდობისთვის. ანუ ჩვენ არ გვყავს პარტნიორები, დავრჩით დაუცველები, არ გვყავს არც ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის მეგობარი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს",- განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-ის როლზეც და აღნიშნა, რომ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ კვლავ მაღალია.
ამასთან, დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისთვის არასანდო გახდა, რაც ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს ასუსტებს.
„ორი დღის „რამშტაინის" სამხედრო ბაზიდან ამერიკის სამხედრო თვითმფრინავი და რუბიოს ზარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკის დიდი ინტერესი საქართველოს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ-ი ირანთან სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, იმისთვის ნებისმიერი ირანული გავლენა არის საფრთხე. ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძე როგორ იდგა „ჰეზბოლას" ლიდერებთან ერთად. ეს ყველაფერი აშშ-მ იცის, ამიტომ გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ მისთვის ეს არის საფრთხე. რეგიონში ძლიერი ამერიკა და საქართველო, როგორც ამერიკის პარტნიორი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა უსაფრთხოების კუთხით. სამწუხაროდ, ეს მოკლა ივანიშვილმა. მიხარია, რომ ამის მიუხედავად ამერიკის ინტერესები საქართველოში მძლავრია",- განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სანდო პარტნიორად აღარ აღიქმება.
„როდესაც აშშ-მ იცის, რომ საქართველოში არის ადამიანი, რომელსაც მიტაცებული აქვს მთელი ქვეყანა - ადამიანი, რომელიც რუსული გავლენების გაზრდას უწყობს ხელს. ადამიანი, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა ევროკავშირში, თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, ასეთი არასანდო პარტნიორები ამერიკისთვის საფრთხეა", - განაცხადა დეკანოიძემ.