
სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სტამბოლის ფათიჰის უბანში კურიერის, ყაზახეთის მოქალაქე არიფ ისმაილოვის მკვლელობის ბრალდებით თურქულმა პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა ქალაქ ედირნეში, რომელიც საბერძნეთს ესაზღვრება.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის შემდეგ სტამბოლიდან ედირნეს მიმართულებით ავტომობილით გაემართნენ, რათა ქვეყანა უკანონოდ დაეტოვებინათ. ჟანდარმერიამ მათი კვალი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა.
მას შემდეგ, რაც ქალაქის შესასვლელში გაჩერებულ ავტომობილში ეჭვმიტანილები არ აღმოჩნდნენ, ძებნის ოპერაციაში დრონები ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო ზოლთან ახლოს, ფეხით გადაადგილებისას აიყვანეს. დაკავებულებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რის შემდეგაც ისინი ედირნეს სამართალდამცველებმა სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტს გადასცეს.
ინციდენტი გუშინ, ფათიჰის რაიონში, ზეინეფ ქამილის ქუჩაზე მოხდა. კურიერად მომუშავე არიფ ისმაილოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი ისმაილოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციამ ასევე დაიწყო გამოძიება იმ ავტომობილის მძღოლის მიმართ, რომელმაც ბრალდებულები ედირნემდე გადაიყვანა. მას მიგრანტების უკანონო გადაყვანასა და ადამიანით ვაჭრობაში ედება ბრალი.