რეზონანსი
02.04.2026

დღეს ყველა ადამიანი თავის წილ პატრიარქზე საუბრობს და სათქმელიც არ ილევა. უწმინდესი და უნეტარესი ილია II მსახიობმა კახა მიქიაშვილმა "კვირის პალიტრასთან" გაიხსენა:

"პატრიარქი მთელი ცხოვრება ცდილობდა მიებაძა ქრისტესთვის და ქრისტეს ცხოვრება რა იყო? გიყვარდეს მტერი! ის თავისი კრიტიკოსების მიმართაც ლმობიერი იყო და ისინიც უყვარდა. არავის ეუბნებოდა: რატომ არ მარხულობ, ან არ ეზიარები. ის მაგალითი იყო თავისი ქმედებებით. ერთხელ ისრაელიდან იყვნენ ებრაელები ჩამოსული. იმ პერიოდში „ავე მარია“ ჰქონდა ახალი შექმნილი. იმ შეხვედრაზე ისაუბრეს და მერე თქვა, მუსიკას ჩაგირთავთო. „ავე მარია“ ჩართეს, დასრულდა ნაწარმოები, ადგა ერთი ქალბატონი და თქვა: მე დღეს მართლმადიდებლად მოვინათლებიო.

ერთ დღესაც საპატრიარქოში ვარ, ვფიქრობ იმაზე, რომ ძალიან მჭირდება რაღაც კონკრეტული თანხა, მაკლდება. ამ დროს ჩამობრძანდა უწმინდესი და ეზოში დავდივართ, საათზე მეტხანს ვიყავით ერთად. რა თქმა უნდა, მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ გონებაში სულ ამ თანხაზე ვფიქრობ, საღამომდე მჭირდება. დავყვებით მას და ბედნიერები ვართ. მერე ავიდა უწმინდესი ზემოთ, დამიძახა და მომცა კონვერტი, სადაც ზუსტად ის თანხა იდო, რაც მჭირდებოდა.

ერთხელ ტელეეთერის მერე მივედი და ამოვიდესო, დამიბარა. ზის თავის ოთახში და მეუბნება: ეგ რაც გეცვა, არ მომეწონა და აბა, ეს ჩაიცვიო. მაძლევს თავის ზედას. თან დაამატა, აბა აიწიე, “ფასონზე“ დაიყენე. კი, კარგია, ეს ჩაიცვიო. ერთხელ ჩამობრძანდა ლოცვაზე, ვაღიარებ ჩემს სიმდაბლეს, დავინახე, რომ ძალიან მაგარი ფეხსაცმელები ეცვა, თვალი გავაყოლე. მერე თავში გამიელვა, რაზე ვფიქრობ-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე, საახალწლო პერიოდი იდგა და ყველას რაღაცას ჩუქნიდა. ავედი და აბა, ეს გაისინჯეო და მაძლევს იმ ფეხსაცმელს ღიმილით. მერე კი ვუთხარი, მაშინ რაც გავიფიქრე".

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×