
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მისივე თქმით, იმ ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ცხოველს კი არა პირდაპირ ადამიანებს ხოცავდნენ ქუჩაში ახლა ჰუმანისტის მანტია აქვთ მორგებული.
„ხელისუფლების წარმომადგენელი, 2012 წლამდე რომ მართავდა ქვეყანას, მაგალითად, უგულავას პოსტი გამახსენდა, ახლა მას ჰუმანისტის მანტია აქვს მორგებული. უგულვას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ და ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ. დღეს ამ სადისტური რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ დეზინფორმაციული კამპანიიდან გამომდინარე, ჩირქი მოსცხონ მთელ ამ პროცესს და გამოიყენონ საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის. იცის საზოგადოებამ რა პროცესსაც აქვს ადგილი, მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ, სააგენტომაც გააკეთა კონკრეტული განმარტებები ჰიპერპოპულაციის მართვის პროცესში გარკვეული გამოწვევების ფონზე. თქვენ კარგად იცით ქართველ ხალხს როგორი ემოციური დამოკიდებულება აქვს ცხოველების მიმართ, ძაღლების მიმართ განსაკუთრებით, მათ შორის პირადად მეც. ამიტომ ფიქრობენ ეს ამორალური რადიკალები, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”. „მიუსაფარ ძაღლებთან ბრძოლის ერთად ერთი მიზეზი - შეხედეთ ყველა მიტინგს, საპროტესტო აქციას! არასდროს ძაღლები არ არიან "ძაღლების" მხარეს. მეტიც უკრაინის ბრძოლის კადრები რომ ნახოთ, ათასი უბედურებაა იქ, მაგრამ არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ. პ.ს. ზოგჯერ ჭკუის შეშლამდე ბანალურია ალოგიკური გადაწყვეტილებების მოტივაცია“, - დაწერა უგულავამ.