რეზონანსი
02.04.2026

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი ზეწოლის და შანტაჟის მცდელობები ვერ გაჭრის, ვერ მოიტანს იმ შედეგს, რაც სურთ ამ გარკვეული თვალსაზრისით ანტიქართულ და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ძალებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შვეიცარიის მხრიდან ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათ არ მოსწონთ ის ხელისუფლება, „რომელიც ქართულ ინტერესს იცავს და არა ვიღაც სხვის, თუმცა ეს ზეწოლა ვერ გაამართლებს“.

„ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან შვეიცარია არის შენგენის ზონის ქვეყანა. ახლა ის არის ძალიან სამწუხარო, რომ ზოგადი, უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი ზეწოლის და შანტაჟის მცდელობები ვერ გაჭრის, ვერ მოიტანს იმ შედეგს, რაც სურთ ამ გარკვეული თვალსაზრისით ანტიქართულ და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ძალებს.

რა უნდათ ჩვენგან? უნდათ ის, რომ არ დავემორჩილეთ 2022 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, არ ავტეხეთ ომი რუსეთთან, არ დავუწესეთ მას სანქციები. ის ხელისუფლებაა საქართველოში, რომელიც ქედს არ უხრის ბრიუსელის უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებს. თვითონ ვაჭრობენ რუსებთან, გადასარევად მილიონებს ატრიალებენ, არის გაცხოველებული აღებ-მიცემობა და საქართველოს ეუბნებიან - თქვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე ხელი მოაწერეთო.

თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით რუსული სამხედრო ძალა რომ დგას, როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოდან ეს გამაღიზიანებელი პროცესი რით დასრულდებოდა? აუცილებლად ომით. ეს უნდოდათ ზუსტად. არ მოსწონთ ის ხელისუფლება, რომელიც ქართულ ინტერესს იცავს და არა ვიღაც სხვის. ამიტომაც ხდება აი ეს ზეწოლები, მაგრამ ეს ზეწოლა, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

„3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×