
საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განმტკიცდეს", - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-სთან არამხოლოდ უბრალოდ ურთიერთობები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა.
"არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის აშშ-სთან არამხოლოდ უბრალოდ ურთიერთობები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, ასევე, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, რადგან წინა ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით იყო მტრული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ბოროტებაზე, არასწორ ინფორმაციაზე, შანტაჟსა და მუქარაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის.
ჩვენ არ დაგვიმალავს ეს დამოკიდებულება, აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და განმტკიცება. საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განმტკიცდეს.
რაც შეეხება მარკო რუბიოს სატელეფონო ზარს, ასევე, მარკო რუბიოს, ჩვენი პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას, რა თქმა უნდა, ეს დამაიმედებელია, რომ ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან," - განაცხადა კახა კალაძემ.