რეზონანსი
01.04.2026

სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივები გვიან ღამით ქალის ყვირილის ხმამ გააღვიძა. 71 წლის მარტოხელა პენსიონერი დახმარებას ითხოვდა. მას სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ყაჩაღური თავდასხმის მთავარი ფიგურანტი დედა და მისი 18 წლის შვილია. 36 წლის ქალი ვაჟთან და კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად მარტოხელა მოხუცს თავს იმ დროს დაესხა, როცა მეპატრონემ სახლში შუქი ჩააქრო და დასაძინებლად მოემზადა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები განსაკუთრებით აგრესიულები მას შემდეგ გახდნენ, რაც მსხვერპლმა ნიღბის ქვეშ თანასოფლელი ქალი ამოიცნო.

71 წლის ქალზე ყაჩაღური თავდასხმა 36 წლის ქალმა პირადად დააორგანიზა და მასში საკუთარი შვილიც ჩართო. სასტიკი ძალადობის შემდეგ მათ პენსიონერს 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ იცოდნენ, რომ ქალი სახლში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა.

ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი ამ დრომდე თელავის რაიონულ საავადმყოფოში რჩება. ექიმი "კურიერთან" განმარტავს, თუ რა სახის დაზიანებებით შეიყვანეს ნაცემი ქალი კლინიკაში.

ყაჩაღობაში ბრალდებული სამივე პირი, მათ შორის დედა-შვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მტკიცებულების სახით ამოღებულია თავდასხმის დროს გატაცებული თანხა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×