რეზონანსი
01.04.2026

ქვეყანაში ავტომობილების განბაჟების ტარიფი გაიზრდება, კანონპროექტი, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ, დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებებით, ახალი ტარიფების ამოქმედება, ხვალიდან, 2 აპრილიდან არის დაგეგმილი. ცნობისთვის, კანონში დაშვებულია გარკვეული გამონაკლისებიც.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის თანახმად, განბაჟების საფასური იზრდება 2024 წლამდე გამოშვებულ ყველა ავტომობილზე.

რა დაჯდება საშუალოდ, ავტომობილის განბაჟება

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ამ კატეგორიაში, 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი ისედაც 1.5 ლარი იყო; თუმცა ცვლილება ეხება 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ მანქანებს.

აქამდე მოქმედი რედაქციით, ამ წლოვანების ავტომობილების განბაჟების ტარიფი 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ცვლილებების შემდეგ კი 1.5 ლარი ლარი იქნება.

შესაბამისად, გამოდის რომ, განბაჟების საფასური გაიზარდა 3-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებისთვისაც.

ახალი ტარიფით:

2023-წლიანი (1.0 ძრავი) - გაიზარდა 1.5 ლარამდე, მოქმედი იყო 1.4 ლარი - გამოდის, რომ თუ მანქანის განბაჟება გიჯდებოდათ 1400 ლარი, უკვე 1500 ლარის გადახდა მოგიწევთ;

2022-წლიანი (1.0 ძრავი) - გაიზარდა 1.5 ლარამდე, მოქმედი იყო 1.2 ლარი - გამოდის, რომ თუ მანქანის განბაჟება გიჯდებოდათ 1200 ლარი, ხვალიდან 1500 ლარის გადახდა მოგიწევთ;

2021-წლიანი (1.0 ძრავი) - გაიზარდა 1.5 ლარამდე, მოქმედი იყო 1 ლარი - გამოდის, რომ თუ მანქანის განბაჟება გიჯდებოდათ 1000 ლარი, ხვალიდან 1500 ლარის გადახდა მოგიწევთ;

2020-წლიანი (1.0 ძრავი) - გაიზარდა 1.5 ლარამდე, მოქმედი იყო 0.8 ლარი - გამოდის, რომ თუ მანქანის განბაჟება გიჯდებოდათ 800 ლარი, ხვალიდან 1500 ლარის გადახდა მოგიწევთ.

შესაბამისად, ახალი კანონმდებლობით, 3-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებისთვის (1.0-ძრავიანის შემთხვევაში) განბაჟების საფასური ასაკის მიხედვით, 100-დან 700 ლარამდე თანხის ფარგლებში იზრდება.

რაც შეეხება, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათ შემთხვევაში განბაჟების საფასური 4.5 ლარი ხდება, რაც ფაქტობრივად 5.6-ჯერ გაზრდილი ტარიფია, რადგან კანონის ძველი რედაქციით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის 1 კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.

შედეგად, თუ ავიღებთ 6 წელზე მეტი წლოვანების (პირობითად 2019-წლიანი) ავტომობილს, ძრავის მოცულობის მიხედვით, განახლებული ტარიფებით, მისი განბაჟების საფასური ასე შეიცვლება:

1.0-ძრავიანი - 800 ლარიდან 4 500 ლარამდე გაიზარდა;

1.5-ძრავიანი - 1 875 ლარიდან 6 750 ლარამდე გაიზარდა;

2.0 -ძრავიანი - 1 600 ლარიდან 9 000 ლარამდე გაიზარდა;

3.0-ძრავიანის - 2400 ლარიდან 13 000 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის კალკულატორის მიხედვით, განბაჟების გადასახადში გათვალისწინებულია და საფასური იცვლება ავტომობილის ტიპის (ბენზინი, დიზელი, ჰიბრიდი, ელექტრომობილი), წლოვანების, ასევე ძრავის მოცულობის მიხედვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×