
ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამისთვის ქვეყანაში არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ კომპეტენტური უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროა.
“ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამისთვის ქვეყანაში არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ის არის სწორედაც ის უწყება, რომელიც ამაზე არის ინფორმირებული და კომენტარის უფლების მატარებელი.
ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ უწყების კომპეტენციაა ის, რომ აწარმოოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. შესაბამისად, როგორც ამ პოლიტიკის პრაქტიკაში განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება, სწორედაც ის არის კომპეტენტურიც და რელევანტურიც, რომ თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მან უნდა გაგცეთ [პასუხი].
უფრო ამომწურავად, კომპეტენტურად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ გნებავთ, თუ არ გნებავთ - არა”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ “როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს - ვინც ტრამპს მხარი აუბეს, იძულებულნი არიან, ამის ფასი გადაიხადონ”.