რეზონანსი
01.04.2026

კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა - გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 980 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს, ჯამურად, 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა.

„ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 980 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი უწყების მიერ ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეთა განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. არასრულწლოვანთა ქორწინების იძულების დასადგენად (ან გამოსარიცხად) საჭიროა სრულფასოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, არასრულწლოვნის სპეციალური მეთოდოლოგიით გამოკითხვა, ფსიქოლოგის ჩართვა და სხვ.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ არის უზრუნველყოფილი საგამოძიებო ბერკეტები, მათ შორის, მოწმის უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად, რთული და, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ბავშვის მიმართ ქორწინების იძულების დადგენა. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილი ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების სტატისტიკა ოფიციალურად არ აღირიცხება.

ამასთანავე, არ ქვეყნდება ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკა, შესაბამისად, უცნობი რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით შესწავლილი საქმეების სრული სურათი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 148 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 88 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 63 არასრულწლოვანი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 69 პირის მიმართ დაიწყო.

2025 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ადრეულ ასაკში/ბავშვობის ასაკში ქორწინების 162 შემთხვევა შეისწავლა. მისასალმებელია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, 2025 წლის განმავლობაში, ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისა და რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი დანერგვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, პრაქტიკაში დაინერგა „ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისას გამოსაყენებელი ფორმების, ინსტრუქციებისა და სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო“ და 2025 წლის განმავლობაში, შიდა პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, გადამზადდა 242 სოციალური მუშაკი და სპეციალისტი. უარყოფითად უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში კვლავ არ დანერგილა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საანგარიშო წელს დაოჯახების მიზეზით მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის 26 შემთხვევაა ოფიციალურად აღრიცხული,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×