რეზონანსი
31.03.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

მისი განცხადებით, აღნიშნული კომუნიკაცია მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა და აღდგენა.

„თუ გავიხსენებთ იმას, რომ რამდენიმე თვის წინ რუბიომ თავად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მძიმე მემკვიდრეობა მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენის ადმინისტრაციისგან, ეს ზარი ნიშნავს, რომ სწავლობდნენ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს, რადგან ფაქტია, კარგი არაფერი ექნებოდა დატოვებული ბაიდენის ადმინისტრაციას - დეზინფორმირებული იყო აშშ-ის თანამდებობის პირები და უკუღმა ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, დასჭირდათ ერთი წელი ამ ყველაფრის გასარკვევად, მაგრამ კარგია, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მოდის ურთიერთობების ინიციირება.

არც იმაზე გადავრეულვართ, რომ შტატების მხრიდან ზარი განხორციელდა და არ ვამბობთ, რომ გადარჩენილები ვართ, და არც იმას ავიტანდით, რასაც აკეთებდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ჩვენ ვიქცევით რაციონალურად და ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გამომდინარეობს ჩვენი ინტერესებიდან. რომელი სახელმწიფოც ცნობს საქართველოს ინტერესებს და პატივს სცემს საქართველოს, ჩვენ მათ ორმაგად ვუბრუნებთ პატივისცემას.

ვიცით, რომ რუბიო იყო ის გამონაკლისი, რომელმაც მოგვისამძიმრა პატრიარქის გარდაცვალება - ესეც დასაფასებელია. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით მზაობა ურთიერთობის გადატვირთვისკენ წინა ადმინისტრაციის პერიოდშიც, მაგრამ როდესაც დამოუკიდებელ ქვეყანას ეუბნები, რომ მიიღოს შენთვის სასურველი კანონები, ასანქცირებ ქართველ მოსამართლეებს უსაფუძვლოდ და მოუწოდებ ომში ჩართვას - როგორ მიგიჩნიოთ მეგობარ ქვეყნად?

ბუნებრივია, ამ ყველაფრიდან გამომდინარეობდა ჩვენი დაპირისპირება წინა ადმინისტრაციასთან და დღევანდელი ადმინისტრაცია არ აკეთებს არასამართლიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ემთხვეოდა „ხალხის ძალის" და ხელისუფლების პოლიტიკას.

კარგია, რომ შედგა ეს პირველი ნაბიჯი [მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო კავშირი] და იმედი მაქვს, რომ პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება.

ჩვენ საქართველო ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკვირდებით პროცესებს მსოფლიოში. ყველა გონივრული ხელისუფლება გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და სადაც საჭიროდ არ მიიჩნევს ჩარევას - არ ერევა.

სამწუხარო მოცემულობა, რაც ირანშია, არავისთვის არის მისაღები. თავად შტატებშიც არის პოზიცია, რომ ეს პროცესები მალე უნდა დასრულდეს და ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს. ბუნებრივია, ჩვენ არაფერში ჩავერევით, რადგან საქართველოს ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს.

ჩვენ გვინდა მშვიდობა და ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ არ ავყვებით ჭორებს - ვინ რას იტყვის. ის, რომ ირანის ელჩმა გააკეთა განცხადება, მისი ნებაა, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ყველასთვის გასაგებია. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც მოერგება საქართველოს ინტერესებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×