
ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ 30 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელიც The Kyiv Independent-მა მოიპოვა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ჩამოთვალა 11 რეფორმა, რომელთა დასრულებაც უკრაინამ 2025 წლის განმავლობაში დათქმულ ვადებში ვერ შეძლო.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეფორმების მიღება ქვეყნისთვის 4 მილიარდი ევროს გამოყოფის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
უკრაინას გაზაფხულის ბოლოსთვის ფინანსური რესურსი ამოეწურება, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი არ მოხსნის თავის წინააღმდეგობას კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე.
მართალია, რეფორმების შეუსრულებლობის გამო შეჩერებული თანხები შედარებით მცირეა, თუმცა ისინი მაინც მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა.