რეზონანსი
31.03.2026

9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

უშუალოდ განცხადების გაკეთებამდე, თორნიკე ფაღავამ გასული დღეები „შთამბეჭდავ ისტორიულ დღეებად“ შეაფასა, რაც მისი თქმით, წარმოადგენს მკაფიო პასუხს ქართველი ერის მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

„სანამ უშუალოდ განცხადებაზე გადავალ, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ უპრეცედენტო ერთობას, რაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, აჩვენა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს იყო შთამბეჭდავი, ისტორიული დღეები, როცა ყველამ იხილა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია რწმენის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციული ღირებულებების. ეს გახლდათ მკაფიო, მტკიცე პასუხი იმ თავდასხმებსა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ხედავდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

მისი განცხადებით, უკვე წლებია, რაც ოპოზიციის მტრული საქმიანობა გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ.

„წლებია, გრძელდება მათი მტრული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მაშინ როდესაც საქართველოს ევროპული მისწრაფების პრაქტიკული განმტკიცებისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიეღო, რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიაში, ოთახ-ოთახ დადიოდა და საჯაროდ მოითხოვდა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ეს სტატუსი არ მიენიჭებინათ. მაშინ, როდესაც ომის გეოგრაფიის გაფართოების რეალური საფრთხე არსებობდა, რაც დღემდე რეალურია, ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ძველი, საბჭოთა შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისათვის, რაც დამანგრეველ, გამოუსწორებელ შედეგს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, ასევე უტიფრად აბრალებდნენ ჩვენ სამშობლოს, რომ ქვეყანა არის ე.წ შავი ხვრელი და გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მათ შორის, სულ ახლახან ყულევის პორტთან დაკავშირებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ამ უტიფარი დეზინფორმაციული საერთაშორისო კამპანიის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო მადლობა პარტნიორებისგან, მათ შორის ევროკავშირი სპეციალური წარმომადგენლისგან, რომელიც საქართველოს მიერ სანქციებთან დაკავშირებით, უმაღლეს დონეზე გამოხატულ ერთგულებასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე მიუთითებს.

დღეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უაღრესად დაძაბულია ღიად და სისტემურად აწარმოებენ კამპანიას, თითქოს საქართველოში ტერორისტების ე.წ სასწავლებელი ფუნქციონირებს. არ ვიცი, მართლაც ძალიან რთულია ამ ყველაფერს ერთი, კონკრეტული სახელი უწოდო. არის ეს უსამშობლობა, უცხო ქვეყნის აგენტობა თუ მავნებლობა?! ალბათ, სამივე ერთად. ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზემოთ მოყვანილ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებში იძებნება, მათ შორის არსებობს ოპოზიციონერ ლიდერთა ვიდეომიმართვები“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

მისი თქმით, ქართველებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს ოპოზიცია გაერთიანდება, თუ დაიშლება, რამდენადაც მათი პოლიტიკური მისწრაფება ჩანასახშივე განწირულია მარცხისთვის.

„დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ 9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება, იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×