
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“, „ამფეტამინი“, „კანაფი“, „ტჰკ“, „კლეფერონი“, „ბუპრენორფინი“, „ტრამადოლი“, „კოდეინი“ და „მარიხუანა“ გაანადგურეს. ასევე, განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.