
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას მიმართ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი გაიმართა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 21 მაისი განისაზღვრა. პროცესს ესწრებოდა ბაჩო ახალაიაც, რომელსაც ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარედგინა მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
წარდგენილ ბრალს აბსურდს უწოდებს ბაჩო ახალაიას მეუღლე. ანი ნადარეიშვილის განცხადებით, მოწოდება, რომელსაც ბაჩო ახალიას ედავებიან, არის მისი აზრი.
„მოწოდება, რა მუხლითაც აქვს ბაჩოს წაყენებული ბრალი, ხელისუფლების კონსტიტუციური დამხობის შესახებ, არის მისი აზრი, რომელიც მან გამოხატა სასამართლოზე. არც ჯარისთვის მოუწოდებია და არც მიტინგზე ხალხისთვის, ანუ სრული აბსურდია თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.