
დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. რეჟისორი სანდრო ელოშვილი პირველი პრეზიდენტის შესახებ საინტერესო წერილს აქვეყნებს:
„ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს” – შენთვის მითარგმნიაო ჰომეროსი, წერდა კონსტანტინე გამსახურდია 16 წლის ზვიადს… 17 წლისას კი პირველად დააპატიმრებენ და დაიწყება მისი გზა, განსაცდელის, დევნის, წამების…
შემდეგ თავისუფლებას მოგვიტანს და ვერ ვაპატიებთ…
გარდაცვალებაც მის სიცოცხლეს დაემსგავსება, მისი ნეშტიც კი ვერ იპოვის ადგილს საქართველოში…
ორი კვადრატული მიწა არ მოიძებნება ქვეყანაში, რომელსაც ორი წლით ადრე ორ საუკუნოვანი ტყვეობიდან იხსნის…
ლევან გოთუას უთქვამს პატიმრობაში - ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ მისგან, თუ იმიტომაც ვარ ასე შორს, ასე ძლიერად რომ მიყვარსო…
მე კი ამ სიტყვებზე სულ ზვიადი მახსენდება.
ნუთუ არ შეეძლო გროზნოდან წასულიყო დასავლეთში, თუნდაც ფინეთში, როგორც “ჰელსინკის კავშირის“ წევრი და მოეთხოვა თავშესაფარი…
ნუთუ არ შეეძლო, როდესაც მიხვდა რომ განწირული იყო, უკან წასულიყო გროზნოში მის ოჯახთან, ჩეჩნეთიდან სამეგრელოს მთებში ერთ ვერტმფრენს არ გადმოაფრენდა ჯოხარ დუდაევი?!
მაგრამ არ… მაგრამ ვერ…
აკი უპასუხა კიდეც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, როდესაც უთხრა, თქვენ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო…
დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიანო!
ხომ სულ იძახდა, არსებობს ბარაბას და არსებობს ქრისტეს გზაო… მე ვფიქრობ მაცხოვრის გზა აირჩია… როდესაც ნახა როგორ დევნიდნენ მის გამო ხალხს საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში… სახლებს უწვავდნენ, ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ… დაბრუნდა და საკუთარი ხალხის მაგივრად ეწამა.
ნეტავ რას ფიქრობდა ხიბულასკენ მიმავალ გზაზე…
საქართველოს მოსახლეობის 86% არჩეულ პრეზიდენტს, სამი კაცი რომ მიაცილებდა…
დაუძლურებულს, როგორც ნადირს, ისე რომ ერეკებოდნენ “ნომრებში“ ჩასაფრებული მონადირეებისკენ…
ალბათ ვერასდროს ამოვალთ მისი ცოდვიდან, ვერასდროს მოვინანიებთ…
ყველაფერი მომისმენია მასზე… ცუდიც და კარგიც, მაგრამ ერთი ფაქტია… როგორც ერთხელ დათო ტურაშვილმა თქვა, მისი მთავრობის წევრებს დღემდე ის პიჯაკები და სვიტერები აცვიათ, მაშინ რომ ეცვათო…
ყველას თავის ზვიადი ჰყავს… ზოგისთვის ზვიადა, ზოგისთვის ბატონი პრეზიდენტი…
ჩემი ზვიადი იცით როგორია?
ბებიაჩემის კლასელები იყვნენ ისიც და მერაბ კოსტავაც. ჰოდა როცა ვკითხე, სკოლაში როგორები იყვნენ-მეთქი…
– ჩემს უკან ისხდნენ და სულ რაღაცას ჩურჩულებდნენ, რას ლაპარაკობდნენ არ ვიცი, მარტო ის მახსოვს, სულ იმეორებდნენ
საქართველო, საქართველო…
ზვიად გამსახურდია - 87"