
მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო ზარს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. მათი შეფასებით, მსგავსი ტიპის საუბრები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.
სატელეფონო საუბარი გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის შედგა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა, რასაც მალევე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაური.
მისი განმარტებით, საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და პარტნიორული როლის განმტკიცებას.
საკითხს აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსა და დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის პოზიტიური სიგნალები არსებობს.
"ვხედავთ, როგორი პოზიტიური სიგნალები არის ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების მიმართულებით. ბატონი რუბიოსა და ბატონი ვენსის გზავნილები, რომელიც მათ გააჟღერეს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან და მიხეილ ყველაშვილთან მილანში შეხვედრის დროს - ახლა სატელეფონო საუბარი ბატონ პრემიერთან.
ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.