
ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე, ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გეგმის მიხედვით, ტარიფს დეკემბრისთვის უნდა გადახედოს.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი დერეგულირებულია, შესაბამისად, მიმწოდებელ კომპანიებს ამ შემთხვევაში "თბილისი ენერჯისა" და "სოკარ ჯორჯია გაზს", ტარიფის გაზრდა სემეკის ნებართვის გარეშე შეუძლიათ. კერძოდ, ბიზნესის ტარიფს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანება განსაზღვრავს. ამ ბრძანებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან განსხვავებით, ტარიფი დერეგულირებულია და მის ზრდა/კლება სემეკთან შეთანხმებით არ ხდება. გაზის მიმწოდებელ კომპანიებს მხოლოდ ვალდებულება აქვთ, ტარიფის ცვლილების შესახებ აბონენტებს ერთი თვით ადრე აცნობონ.
დღეს, 30 მარტს, სემეკმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში დენის 5 თეთრით, კომერციული სექტორისთვის კი 4-6 თეთრით გაძვირებას. კატეგორიების მიხედვით ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში 17-დან 33%-მდე მერყეობს. სემეკი ელექტროენერგიის საფასურის ზრდას დეკემბრის შუა რიცხვებში პროგნოზირებდა, თუმცა მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ ელექტროენერგიის საფასური არ გაიზრდებოდა. შესაბამისად, რამდენიმე თვით ტარიფის ზრდა დაპაუზდა.