ნატალია ჯვარიძე
30.03.2026

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია აშშ-ს მიერ ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარებს განიხილავს და ამბობს, რომ თუ ამერიკას გეგმა კარგად შემუშავებული არ აქვს, აზრი არ აქვს დაწყებას.

„სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ერთი ვარიანტია, რომ მიდუეის პრეცედენტი განმეორდეს - მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ამერიკა ფილიპინების კუნძულს უტევდა, რაც საკმაოდ დიდი დრო გაიწელა.

მეორე, შესაძლოა ამერიკამ ხარგის კუნძული ხელში ჩაიგდოს, მაგრამ საკითხავი იქნება, როგორ შეინარჩუნებს, რადგან, თუ ოპერატიულ სიღრმეში გარკვეულ სივრცეს არ დაიკავებს, მხოლოდ სანაპირო ზოლის აღება არაფერს ნიშნავს.

ეს იმიტომ, რომ სანაპიროებიდან საკმაოდ სერიოზული შეტევები მოხდება და საჰაერო დატყმები ალბათ, ვეღარ უშველის, რადგან ირანს სანაპირო ზოლებში კარგი პოზიციები აქვს.

7 ათას-კაციანი რაზმი ამ ოპერაციას თუ ეყოფა, ვერ გეტყვით. შესაძლოა ამერიკელებს ყველაფერი გათვლილი აქვთ და ნორმანდიის მსგავს ოპერაციას გეგმავენ. ანუ, სანაპირო ზელოდიან შეუტიონ, დაიკავონ და შემდეგ სიღრმეში შევიდნენ, რადგან სხვანაიარად, მხოლოდ კუნძულის დაკავებას აზრი არ აქვს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამერიკა-ირანს შორის სახმელეთო ოპერაცია, როგორც ჩანს, გარდაუვალია. გოგოლაშვილის თქმით, ირანმა მილიონზე მეტი სამხედროს მობილიზება გამოაცხადა და როგორც ჩანს, იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა.

„ეს არის დამატებითი ესკალაცია. ტრამპი ამბობდა ცოტა ხნის წინ, რომ მალე დავამთავრებთ ომსო, მერე ამბობდა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანის ხელისუფლებასთანო, თუმცა, თეირანის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობსო.

შემდეგ მისცა რამდენიმედღიანი ვადა და გააფრთხილა, რომ დავბომბავ ენერგეტიკულ ობიექტებსო, რომ ამერიკის შეთავაზებებზე დათანხმებულიყვნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს 10-დღიანი ვადა მიეცათ იმისთვის, რომ შეერთებული შტატებიდან მოდის საკმაოდ დიდი რაოდენობით სამხედრო დესანტი, სხვადასხვა დანაყოფები, შეერთებული შტატების ძალიან ძლიერი და ცნობილი დანაყოფები, შეიძლება, სადღაც 18-20 ათასამდე სამხედრო იყოს მთლიანად.

ამ მომენტისთვის ჩასულია 3500-მდე სამხედრო, მისულია სპარსეთის ყურესთან და როგორც ჩანს, სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტის გახსნა.

ირანმა გამოაცხადა დიდი მობილიზაცია, მილიონზე მეტი მეომარი ჰყავს უკვე მობილიზებული სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის, სპარსეთის ყურის სანაპიროზე და როგორც ჩანს, იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ჩვენ არ ვიცით ამას რა მოჰყვება. ვერ ვიტყვით, რომ რაც თქვა ტრამპმა, ყველაფერი შესრულდა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი ესკალაცია და საკმაოდ დიდი ხნით გაგრძელდეს ეს შეტაკებები", - განაცხადა ექსპერტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×