
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ახალგაზრდა ქალს, 25 წლის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას მალე ვერდიქტს გამოუტანენ და გაირკვევა, ცნობენ თუ არა მას დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. თეკლა გერსამიას სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით ასამართლებენ, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას ლუკა დარასელიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ქალს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისში ვაჟა-ფშაველას 93 ნომერში, 2025 წლის 22 აგვისტოს, შუადღის პირველი საათისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა დანით დაჭრილი 22 წლის ლუკა გერსამია სადარბაზოში ნახეს.
ცოლ-ქმარი, თეკლა გერსამია და ლუკა დარასელია ამავე სადარბაზოში, მე-6 სართულზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. როგორ აღმოჩნდა ცოლ-ქმარი მეექვსე სართულიდან მეოთხე სართულზე, სადარბაზოს უჯრედში, დღემდე ბოლომდე გაურკვეველია.
მოკლული ლუკა დარასელიას დედა ინგა ესართია სასამართლო პროცესზე უკვე დაიკითხა. ამბობს, რომ მისთვის ძალიან რთულია ამ სასამართლო პროცესებზე ყოფნა, მაგრამ თავს ძალას ატანს და ისმენს ყველა მოწმის ჩვენებას.
"ჩანაწერებიდან, გამოძიებული მასალებიდანაც ყოველდღიურად რასაც ვეცნობით და რასაც ვხედავთ, ვრწმუნდები, რომ ჩემი შვილი მან მოკლა. მე ამაში მაშინაც დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მთავარია ახლა ნაფიცებმა გაიგონ ნორმალურად სიმართლე. იმედი მაქვს, ნორმალურად გაიგებენ ყველაფერს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მგონი კვირის ბოლომდე გაგრძელდება დაკითხვები და მერე გამოიტანენ ვერდიქტს.
22 წლის იყო ჩემი შვილი. ბოლო დროს მას შემდეგ, რაც ამ გოგოსთან ცხოვრობდა, ძალიან შეიცვალა. ერთი და ჰყავს და იმასაც არ ეკარებოდა. არადა, მანამდე სულ სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ლუკა გახსნილი იყო ჩემთან კი არა, ოჯახის ყველა წევრთან, დასამალი არაფერი არ ჰქონდა, არაფერს არ აკეთებდა დასამალს.
სულ ვეუბნებოდი, ლუკა რატომ გახდი ასეთი-მეთქი, მაგრამ ამის პასუხი არ მქონდა და ჩამოსვლასაც ამიტომ ვაპირებდი, ვერ მოვასწარი.
ჩემი ქმარიც ემიგრაციაში იყო, ის ჩამოვიდა, ღელავდა ისიც, რადგან გვეშინოდა ამ გოგოს ყოფილი ქმრის. ლუკას რამე არ დამართოს-მეთქი, მაგ ბიჭზე ვფიქრობდი, თორემ ეს ქალი რომ შვილს მომიკლავდა რას ვიფიქრებდი...
ლუკას მამა ჩამოვიდა, მეც ვგეგმავდი ჩამოსვლას, ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდა ჩემი მეუღლე და ორივეს, დედას და მამას გვინდოდა მისვლა და ლაპარაკი, გარკვევა, რატომ შეიცვალა ჩვენი შვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დაგცალდა. მანამდე მამამ ლუკა ნახა და თქვა, ჩვეულებრივად იყვნენო, როგორც ცოლ-ქმარს შეიძლება ჰქონდეს, ისეთი ურთიერთობა ჩანდაო. იქაც ნამყოფია თეკლას ბინაში, სადაც ცხოვრობდნენ ერთად მთელი ექვსი თვე...
სასამართლო პროცესზე ვუყურებ ჩემი შვილის მკვლელს და ვხედავ, ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა. დარწმუნებული ვარ, არ ნანობს, უფალმა განსაჯოს და უფლის ეშინოდეს, ყველაზე წინ უფალია, ლუკას ოჯახი რომ გაამწარა, უფლის უნდა ეშინოდეს", - განაცხადა ინგა ესართიამ.
წყარო: ambebi.ge