
ადამიანები, რომელთაც ქართული არაფერი სცხიათ, ცდილობენ, ეკლესიაზე შეტევა განახორციელონ, მათ საქმიანობაში ჩაერიონ, რაც მიუღებელია. ასე ცდილობდნენ 2003-2012 წლებში საპატრიარქოს საქმიანობაში ჩარევას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებობენ გარედან დაფინანსებული ძალები, რომელთა ამოცანაა, ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია არ არსებობდეს, რომელსაც ხალხი მოუსმენს და ენდობა.
„საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან და იმართებიან. მათი მიზანი სახელმწიფოს იმ საძირკვლის ჩამონგრევაა, რომელსაც ქართული ეკლესია ჰქვია. მათი ამოცანაა, ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია არ არსებობდეს, რომელსაც ხალხი მოუსმენს და ენდობა. ამ საძირკვლის ჩამონგრევის შემთხვევაში, ეს ინსტიტუცია თავის რაობას დაკარგავს. შესაბამისად, მარტივად მართვადი გახდება. გლობალური ძალების მიზანიც სწორედ ესაა. 70-წლიანი წარსული გვახსოვს, როცა კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობდნენ, ერთგვაროვანი, ახალი ადამიანი გამოეყვანათ. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან ახლაც იმავე მცდელობას ვხედავთ, რომელთაც ბევრ ქვეყანაში გავლენა აქვთ. ადამიანები, რომელთაც ქართული არაფერი სცხიათ, ცდილობენ, ეკლესიაზე შეტევა განახორციელონ, იქ შფოთი შეიტანონ, მათ საქმიანობაში ჩაერიონ. ეს მიუღებელია. ასე ცდილობდნენ 2003-2012 წლებში საპატრიარქოს საქმიანობაში ჩარევას. ახლა ეს გავლენა არ აქვთ და ცდილობენ, თავიანთი პროპაგანდით, გაშავების მცდელობით დისონანსი შეიტანონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.