რეზონანსი
30.03.2026

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ მსჯელობს.

სემეკის პრესსპიკერის, ქეთი ბერიკაშვილის განცხადებით, ტარიფები დადგინდება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, კომერციული სექტორისთვის.

„დღეს კომისია იმსჯელებს ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის. ტარიფები დადგინდება თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა და „ეპ ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის. მოგეხსენებათ, 2025 წლის 29 დეკემბერს კომისიამ დაადგინა დროებითი ტარიფები. ტარიფების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2026 წლის 31 მარტი. ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ გადახედა მათ შორის ინვესტიციებს, ასევე, დეტალურად იმსჯელა იმ კომპონენტებზე, რაც შედის ტარიფში. გადაწყვეტილება უკვე დღეს გამოცხადდება კომისიის სხდომაზე და დადგინდება გრძელვადიანი ტარიფები“,- განაცხადა ქეთი ბერიკაშვილმა.

ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×