
ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ფედერალისტების“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.
მაჭავარიანის თქმით, დღეს ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო.
„ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო. დასრულდა სისტემური წამება-გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული აზრისთვის.
დღეს ვამაყობთ იმით, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ვიცავთ ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებსა და კულტურას.
ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ლომის წვლილია.
ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სანამ ქართველი ხალხი ასე გვიდგას გვერდში, ჩვენ არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, ამ მონაპოვრის შენარჩუნებასა და განვითარებას მოვახერხებთ. ამ ყველაფრის გარანტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, რაღაცები გამოსასწორებელია, რაღაცები კიდევ უკეთ არის გასაკეთებელი.
თუმცა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს ნამდვილად ჩვენი გუნდის დამსახურებაა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დააფასოს“, - წერს მაჭავარიანი.