
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე სათათბიროდ გავიდა. ამ დროისთვის უცნობია განაჩენის გამოცხადების თარიღი.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამაც.
რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს? ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.
ვინ არის ბექა გოცირიძე? დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.
აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.
ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.