
არცერთ ფორმატში, რაც გულისხმობს აქციის ორგანიზებას, მათ შორის მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას, ჩართული არ ვიყავი - არათუ არ ვყოფილვარ აქციის ორგანიზატორი, არამედ არცერთ ჩემს განცხადებაში არ ვთვლიდი თავს ორგანიზატორად, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მანჯგალაძე დღეს, დაცვის მხარის მიერ, მოწმის სახით დაიკითხა.
მისი თქმით, ყველა მის საჯარო განცხადებაში სიტყვა "მშვიდობის" გარეშე არ უსაუბრია, ხოლო წინადადება ე.წ. მშვიდობიანი დამხობა, მისივე აღქმით, გამორიცხავს ყველანაირ ძალადობას.
"ინტერპრესნიუსზე", ამ წუთას, არის 1 200-ზე მეტი განცხადება და არსად სიტყვა "მშვიდობის" გარეშე არ ვახსენებ წინადადებას. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, არცერთ ფორმატში, რაც გულისხმობს აქციის ორგანიზებას, მათ შორის მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას, ჩართული არ ვიყავი.
ბატონმა პაატამ [ბურჭულაძე] თქვა, რომ ატარებდა ზე-ეროვნულ კრებას, სადაც ვერ ხედავდა, პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების ადგილს. სურვილიც რომ მქონოდა, ამის მერე მე, ვერ ვიქნებოდი აქციის ორგანიზატორი. შესაბამისად, არათუ არ ვყოფილვარ, არამედ არცერთ ჩემს განცხადებაში არ ვთვლიდი თავს ორგანიზატორად. "პალიტრანიუსის" ეთერით ვახსენე, რომ უკვე დაანონსებულ აქციაზე ჩემს თავს რაიმე ფორმით, ორგანიზატორად არ აღვიქვამ-მეთქი.
ბატონი პაატა ბურჭულაძისგან რუსთველზე აქციაზე გავიგე, რომ აპირებდა ეროვნული კრების ჩატარება. მე, როგორც აქტიურ ადამიანს, მაინტერესებდა, ბატონი პაატა ხედავდა თუ არა საერთო ოპოზიციურ ხედვას, რა დროსაც მკაცრად თქვა, რომ არ სჭირდებოდა ოპოზიციური პარტიები. ზუსტად მახსოვს ასე მითხრა, რომ აპირებს საერთო ეროვნული კრების ჩატარებას.
ამის შემდგომ ჩემი მხრიდან არც ინიციატივა ყოფილა ჩართულობის შესახებ. ვრჩებოდი გარე მხარდამჭერად. 4 ოქტომბრის აქციის შესახებ არასდროს არცერთ ფორმატში საუბარი არ გვქონია.
მე იურისტი ვარ და კარგად ვცნობ საფრთხეს. მე რომ ასეთი, რამ მცოდნოდა, თხოვნის მიუხედავად არ მივიდოდი იქ. მე ვთვლიდი, რომ ეს ე.წ. მშვიდობიანი დამხობა იყო ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი. ყოველთვის მესმოდა "მშვიდობიანი დამხობა". ტერმინი "მშვიდობიანი დამხობა" არასდროს გამომიყენებია. "მშვიდობიანი დამხობა" ჩემი აღქმით, გამორიცხავს ყველანაირ ძალადობას. მე ჩავთვალე, რომ ეს არის ხალხის მოსაზიდად გამოყენებული სიტყვა. მე არ აღმიქვია ეს წინადადება დამხობის მოტივაციად.
არც იმ ვიდეოს ჩაწერის შემდგომ მქონია განცდა, რომ რაიმე ფორმით....
მე ასეთი განცდა, რომ რაიმე ხიფათი მელოდა, არ მიგრძვნია, მაგრამ მთავარი საკითხი სხვა რამეშია. ისეთი გამოსვლებია ჩადებული მტკიცებულებად, სადაც ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან. არც მე და არც ბატონ პაატას არ გვითქვამს ძალადობაზე რამე. მე განვაცხადე, თურმე, რომ მე ვაორგანიზებ ძალადობრივ დამხობას და საიდან გაჩნდა ეს სიტყვა? ან სიჩქარესთან ან არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე"”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.