
ილია მეორე იყო ადამიანი, რომელიც, არა მხოლოდ ეკლესიების მაშენებელი იყო, არამედ ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის თავიდან მშენებლობას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია მეორის მოღვაწეობა გადამწყვეტი იყო საქართველოს ეროვნულო დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესშიც, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ილია მეორე არა მარტო ერის სულიერი ლიდერი იყო, არამედ - მნიშვნელოვანი ფიგურა სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საქმეში.
"მთელს ქვეყანას კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებას. მძიმე დღეები გამოვიარეთ, გლოვის დღეები. ილია მეორე არა მარტო ერის სულიერი ლიდერი იყო, არამედ იგი იყო მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საქმეში. ამავდროულად, ის იყო ძალიან დიდი საერო პიროვნება და ერის კაციც. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკლესია, როდესაც ის გახდა კათოლიკოს-პატრიარქი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული ეკლესია იყო დარჩენილი და რა ვითარება გვაქვს დღეს. ის იყო ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, არა მხოლოდ ეკლესიების მაშენებელი იყო, არამედ ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის თავიდან მშენებლობას. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია მეორის მოღვაწეობა ასევე გადამწყვეტი იყო საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესშიც. დღეს არის 36 წელი საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან და გავიხსენოთ, რომ ეს მოხდა 1990 წელს. უწმინდესისა და უნეტარესის ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1 წლის თავზე - 1991 წელს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ლოგიკური ჯაჭვი გავავლოთ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას შორის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.