
საერთაშორისო კულტურული მოძრაობა "AYALA FEST" პროექტის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალებს აერთიანებს, რომლებიც შემოქმედებითი სფეროს, მეწარმეობის და კულტურული დიალოგის ფარგლებში საქმიანობენ.
22 მარტს ფესტივალი „AYALA FEST 2026" თბილისში პირველად, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა. მანამდე ის ყაზახეთის ქალაქებში - პეტროპავლოვსკში, ყარაგანდაში, ასტანასა და კოსტანაიში ჩატარდა მეწარმე, დიზაინერი, მხატვარი და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით.
2026 წლის გაზაფხულიდან პროექტმა საერთაშორისო დატვირთვა შეიძინა. თბილისი იქცა პირველ საზღვარგარეთულ ქალაქად, რომელმაც AYALA FEST-ს უმასპინძლა. ამგვარად, ფესტივალმა თავისი განვითარების ახალ ეტაპს მიაღწია და ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგი კიდევ უფრო გაღრმავდა.
თბილისურ ფესტივალში მონაწილება მიიღო 150-მდე ქალმა, რომლებიც ყაზახეთს, საქართველოს, ბელარუსს, უკრაინას, საფრანგეთს, თურქეთს, მოლდოვას, აშშ-ს და აზერბაიჯანს წარმოადგენდნენ.
ფესტივალის ორგანოზატორის - ინიციატორისა და პროდიუსერის - დიანა მუკაჟანის თქმით, წარმომადგენლობითი ფორუმი ის სივრცეა, სადაც განსხვავებული ენისა და კულტურის ქალები ცდილობენ ურთიერთმხარდაჭერას, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას და სწორედ ასეთი შეხვედრებისას იბადება ახალი იდეები, პროექტები და ღრმავდება საერთაშორისო თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ დიანა მუკაჟანი ქალთა წრის „დედოფალის" და ნატურალური შოკოლადის ბრენდის "Diana&Co"-ს დამფუძნებელია.
მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის დამსწრენი გახდნენ მრავალფეროვანი კულტურული და საქმიანი პროგრამის მონაწილენი, მოისმინეს სპიკერების მოხსენებები ლიდერ ქალთა როლის, მეწარმეობის, ჯანმრთელობის, პირადი ბრენდების და თვითრეალიზაციის თემებზე.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ყაზახეთის კულტურასთან - მის ტრადიციებთან, სამზარეულოსთან და ხელოვნების ნიმუშებთან გაცნობას. „ფესტივალის ფილოსოფია ის კულტურული კოდია, რომელიც წარმოაჩენს შინაგან ძალას, ღირსებას და სხვადასხვა სფეროში ბალანსის დაცვას თანამედროვე ქალების მიერ. ამგვარად, ტრადიციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალები ვიცავთ, ერწყმის თანამედროვე მეწარმეობას, შემოქმედებას და საერთშორისო კულტურულ დიალოგს", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბარში დიანა მუკაჟანმა.
ფესტივალს განსაკუთრებული ხიბლი ეროვნულ სამოსებში გამოწყობილმა მონაწილეებმა შესძინეს. ამან ფორუმს ვიზუალური ეფექტი და კულტურული მრავალფეროვნების განცდა შემატა. „ასეთი ფესტივალები ქალებს დიდ სტიმულს გვაძლევს და ის შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა იმართებოდეს, სასიხარულოა, რომ ორგანიზატორები მომდევნო ფესტივალის გამართვას ზაფხულში ბათუმში გეგმავენ", - განაცხადა ფორუმის უკრაინელმა მონაწილემ ალიონა ზუბარევამ.
ვასო კაპანაძე