რეზონანსი
24.03.2026

მოწყალების სახლის წევრები საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა.

„მისი უწმინდესობის თვისებებზე ბევრი ითქვა ამ დღეებში, რა იყო ის თვისებები, რომლითაც ის ესოდენ განდიდდა. ვნახეთ როგორი სიყვარულით, ალერსითა და პატივისცემით აცილებს მთელი ერი. რას ამბობს წმინდა სახარება: რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ის ამაღლდეს. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. უწმინდესს ჰქონდა დიდი მოწყალება და სიყვარული ადამიანებისადმი. შეეძლო აკადემიკოსთან აკადემიკოსი ყოფილიყო, უბრალო ადამიანთან ძალიან უბრალო, ბავშვთან კი ყოფილიყო როგორც ბავშვი. პირველ რიგში ადამიანზე, გაჭირვებულებზე ზრუნავდა და აი შედეგიც, როგორ უპასუხა მის სიმდაბლეს და მოწყალე გულს ერმა. ასე რომ, ჩვენ თუ გვინდა უფალმა შეგვიწყალოს და შეწევნა გვქონდეს, უნდა მივბაძოთ მისი უწმიდესობის ამ საოცარ თვისებებს, რომლებიც მან სრულყოფილად მოიხვეჭა, სრულყოფილების კიბეს მიაღწია. შეგვეწიოს მისი უწმინდესობა თავისი წმინდა ლოცვებით, მისი სული კი სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს", - განაცხადა მეუფე შიომ.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ მოწყალების სახლის წევრებისთვის ტრადიციისამებრ ტრაპეზი მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეჭირვებულ ადამიანებს ხშირად მასპინძლობდა და მათთან ერთად სადილობდა. საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი უკვე 32 წელია არსებობს, მას ფუნქციონირება პანდემიის პერიოდშიც არ შეუწყვეტია. მოწყალების სახლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეჭირვებული ადამიანებისთვის გაიხსნა. სახლი თანადგომას უწევს ყველას განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. მოწყალების სახლი 32 წლის გახდა 2026 წლის 14 მარტს. აქ შეკრებილებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურთან შეხვედრები გაიხსენეს, მის ღვაწლზე ისაუბრეს და მეუფე შიოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მობრძანებისთვის და ნუგეშისთვის მადლობა გადაუხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×