
საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ხვალ, 25 მარტს, 14:00 საათზე ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონში დაგეგმილია პარაკლისი. მისივე თქმით, სადღესასწაულო პარაკლისს მეუფე შიო გადაიხდის.
„ეს უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით, ახალი სტილით 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება. ისეთი მაღალი ღირსებით გამორჩეულ ეკლესიას, რომელიც უძველესი დროიდან ავტოკეფალური იყო და რომელიც საპატრიარქო ღირსების მქონე იყო, მისთვის ავტოკეფალიის წართმევა იყო მსოფლიო კრებების კანონების უკიდურესად მძიმე დარღვევა.
ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი ამას არასოდეს შერიგებია. ჩვენი საზოგადოების მოწინავე ინტელიგენცია უშეღავათოდ იბრძოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია დაბრუნებოდა. იღვწოდნენ ისინი ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად, მათ შორის წმინდა პატრიარქებთან ერთად. მართალია, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ავტოკეფალიის აღდგენას არ ცნობდნენ, ამით დიდ სირთულეებს აწყდებოდა ეკლესია თავისი მოღვაწეობისთვის“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მისი აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.
„თავისი ღრმა განსწავლულობით, კანონიკური სამართლის საფუძვლიანი ცოდნით, მან შეძლო, დაერწმუნებინა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუკი საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია და არ მოხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება. ყველას მოგეხსენებათ, ამას წინ უძღვოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული, უშეღავათო, როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. იყო შემოთავაზება მსოფლიოს საპატრიარქოს მხრიდან, რომ ახლად მიანიჭებდა ავტოკეფალიას, პატრიარქი იყო უაღრესად პრინციპული, უაღრესად თანმიმდევრული, უაღრესად მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს დაუშვებელია, რადგან საქმე ეხება საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას“, - განაცხადა მამა გიორგიმ.