რეზონანსი
24.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს:

„აქამდე ისე ვიცხოვრე, არც ერთი ადამიანის გარდაცვალების მომენტს არ შევსწრებივარ. 

კლინიკაში შეყვანის მომენტიდან უწმინდესის გვერდით ვიყავი. კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს და პალატაში შეიყვანეს. ნიღაბი მეკეთა, ჩამოვიწიე, ცნობა რომ არ გასჭირვებოდა, თუმცა­ ხმითაც ყველას გვცნობდა. მივუახლოვდი და ვუთხარი: თქვენო­ უწმინდესობავ, შეგვაშინეთ... გაფართოებული თვალებით ამომხედა. გასამხნევებლად გავუღიმე. მისმა მეკელიე მამა დავითმა (ჭინჭარაული) ჩემს ნათქვამს მაშინვე დააყოლა. თქვენო უწმინდესობავ, ისე იცინის, ახლა ამას შეშინებულის რამე ეტყობაო? ბოლო წლებში უწმინდესს ასაკისა და რიგი მიზეზების გამო მიმიკები ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც მივხვდით მის იმწუთიერ სიხარულს. თავად უყვარდა ასეთი შინაურული გადალაპარაკებები, ხუმრობები, ეს მისი სტილი იყო. მსუბუქი, უწყინარი იუმორი ჰქონდა... 

ექიმებმა აგვიხსნეს, რომ სამედიცინო პროცედურები სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო და მოითხოვდა ანესთეზიას - პატრიარქი უნდა დაეძინებინათ. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, მაგრამ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, სანამ ნარკოზს გაუკეთებდნენ, მისთვის დეტალურად აეხსნათ, რა პროცედურის ჩატარებას უპირებდნენ. ექიმებს უწმინდესთან მამა დავით ჭინჭარა­ული შეჰყვა და უთხრა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ანესთეზიის გაკეთების წინ მამა დავითმა სთხოვა, თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, დალოცოთ საქართველო, დალოცოთ ექიმები...

უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა. ჩვენ ვგალობდით, როცა უწმინდესი უფალთან გადადიოდა. ვგალობდით იმ საგალობლებს, რომლებიც მას გამორჩეულად უყვარდა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×