რეზონანსი
23.03.2026

 უპირობო სიყვარულს დასასრული არ აქვს - სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. სულიერი მამისთვის პატივის მიგება ყველას სურს.

ზოგი ლექსს უძღვნის, ნაწილი საფლავს ყვავილებით ამკობს, ბევრი რეგიონიდან ჩამოდის. იხსენებენ პატრიარქთან შეხვედრას, მის შეხებას, ქადაგებებსა და დარიგებებს. არიან ისეთებიც, ვინც თავისთვის, ჩუმად ლოცულობს.

დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სასულიერო პირებთან და მგალობლებთან ერთად გადაიხადა და მრევლს მიმართა.

პანაშვიდები სიონის საპატრიარქო ტაძარში ყოველდღე, დილის 10-დან 16 საათამდე და 18-დან 22 საათამდე აღევლინება. სულიერ მამასთან გამომშვიდობება მრევლს ყოველდღე შეეძლება, დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე. დროებით იმოქმედებს შეზღუდვებიც - სრულ მოწესრიგებამდე პატრიარქის საფლავთან მიახლება აკრძალული იქნება.

პატრიარქი ილია მეორე არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მსოფლიომ და სრულიად მართლმადიდებელმა სამყარომ დაკარგა - განაცხადეს სიონის ტაძარში მისულმა სასულიერო პირებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან დაკრძალვის ცერემონიაზე ჩამოვიდნენ. უკრაინელმა და კვიპროსელმა სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს.

პატრიარქის საფლავს პატივი მიაგეს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე გუშინ, მისი სურვილის შესაბამისად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×