რეზონანსი
23.03.2026

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ, სატელეფონო საუბრის დროს სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანული მხარის ინიციატივით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბარი გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. განიხილეს სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება, რომელიც მკვეთრად გაუარესდა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის შედეგად“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების ფონზე ქვეყნისადმი მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის.

„აბას არაღჩიმ მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელმძღვანელობას ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი მნიშვნელოვანი დიპლომატიური და სხვა სახის მხარდაჭერისთვის, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარებისთვის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია და ამან შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

„ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმები კატეგორიულ მიუღებელია. ეს მიუღებელ რისკებს უქმნის რუსი პერსონალის უსაფრთხოებას, რეგიონის ყველა ქვეყანას კი, გამონაკლისის გარეშე, კატასტროფული გარემოსდაცვითი შედეგები ემუქრება“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×