რეზონანსი
23.03.2026

ძალიან იდეალისტურია, რომ შერიგება უპირობოდ ხდებოდეს. ასეთი რამ ბუნებაში ვერ მოხდება - ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი და პირობა. უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში, ვერავითარ შერიგებაზე და სიყვარულის გამოვლენაზე ვერ გვექნება ლაპარაკი, ამას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ისაუბრა წმინდა სინოდის მიმართვაზე, რომ „პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში:ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში“.

წერეთლის თქმით,თუ მომავალში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შერიგება მოხდება, ამის პირობები ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის.

ამასთან, მისი შეფასებით, გლოვის დღეებმაც კიდეც ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძლიერის წარმოჩენის ხაზი ძალიან მკაცრად აქვს გავლებული.

„ამ უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში, რომელიც დღეს საქართველოშია, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც, პრაქტიკულად, ყველა ინსტიტუტი უზურპირებული აქვს, ცდილობს, მეორე ნაწილი, პოლიტიკურად, პრაქტიკულად, გაანადგუროს, ადამიანები აბსოლუტურად უმიზეზოდ, საპატიმროში ჰყავს, მაქსიმალურად დათესოს შიში და ა.შ., ჯერჯერობით, ვერავითარ შერიგებაზე და სიყვარულის გამოვლენაზე ვერ გვექნება ლაპარაკი, ვერ ვხედავთ ამას. გლოვის დღეებმაც კიდეც ერთხელ დაადასტურა ის ხაზი, რომელიც მათ ძალიან მკაცრად აქვთ გავლებული თავისთვის - მხოლოდ ერთი რამ აქვთ, არა დამოკიდებულება როგორც ადამიანთან, მოყვასთან და ა,.შ. არამედ აქვთ, როგორც ძლიერის წარმოჩენის.

იმისათვის რომ შერიგება მოხდეს... ძალიან იდეალისტურია რომ [შერიგება] უპირობოდ ხდებოდეს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ მოხდება. ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი და პირობა. ადამიანები საპატიმროში არიან, საქმეებია აღძრული, ასეთ რეპრესიული გარემოა და ეს თუ არ დასრულდა, ძალიან ძნელია ლაპარაკი. რაღაცას ხომ შეიძლება შეეცვალა მათი განწყობა, მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ თუ შერიგება მომავალში მოხდება, ამის პირობები ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის.

პატრიარქს ძალიან კარგად ესმოდა ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის ფასი და მნიშვნელობა. ვნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. ჩვენ გვინდა, რომ კარგი ვისურვოთ და ამ კარგში არის ისიც, რომ ეკლესია იყოს ძლიერი, მას ჰყავდეს ღირსეული ხელმძღვანელი და მომავალი პატრიარქი და ამან იქონიოს გავლენა ამ ქვეყანაში მეტ შერიგებაზეც, სიკეთესაც, განვითარებაზეც და რწმენაზე,“ - განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება მომავალი პატრიარქის არჩევას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სინოდში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, თუმცა გლოვის დღეებმაც დაგვანახა, რომ არჩევის პროცესში ხელისუფლების გავლენა იქნება.

„ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. პროგნოზების გაკეთება, ალბათ, არ შეიძლება. სახელდება რამდენიმე სახელი, ვინც შეიძლება იყოს კანდიდატი და ეს იქნება უმძიმესი ტვირთი. ასეთი ავტორიტეტული ადამიანის, სიტყვის ძალის მქონე ადამიანის. დიდი სიყვარულით მოსარგებლე პატრიარქის შემდეგ ამ ფუნქციის შესრულება არის უმძიმესი ტვირთი.

კითხვის არსი იყო, რამდენად ჩაერევა სახელმწიფო ამაშიო - პატრიარქი, როდესაც ძალიან აქტიური იყო, მაშინაც წუხდა ვითარებაზე, რეფორმაზე ფიქრობდა და იცოდა ის სირთულეები, რაც არსებობდა, მაგრამ მისი შეუვალი ავტორიტეტი ბევრ რამეს ფარავდა, აჩუმებდა შიდა სირთულეებს. ახლა შეიძლება ეს ყველაფერი უფრო წინა პლანზე იყოს წამოწეული და ამის დამბალანსებელი მხოლოდ დარჩება, ალბათ, სახელმწიფოს გარკვეული ჩარევა, პიროვნებები, ადამიანები და ა.შ არ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ვინმეს მითითებით მოხდება, სინოდში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ გავლენა იქნება. გუშინდელმა დღემ და ამ გლოვის დღეებმაც გვანახა, რომ გავლენა ძალიან დიდია,“ - აღნიშნა წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×