რეზონანსი
22.03.2026

მშობლიური ხევი, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა, დღეს 93 წლის კათოლიკოსს ასევე გამორჩეულად გლოვობს. აქ ის მხოლოდ პატრიარქი არ ყოფილა. სნოს ვიწრო ქუჩებსა და ადამიანების მეხსიერებაში ის ყოველთვის დარჩება, როგორც საკუთარი, ახლობელი და ყველასთვის ნაცნობი ერეკლე - ირაკლი.

ახლა, როცა საქართველო ერის სულიერ მამას გლოვობს, მის სოფელში ტკივილი უფრო ახლოა, უფრო პირადული და უფრო ღრმა. სნო დღეს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად საკუთარ შვილს დაემშვიდობა - პატარა სოფლის დიდ შვილს, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ისტორია შექმნა და ახლა თავადაც ისტორიის ნაწილი გახდა.

ისინი, ვინც საქართველოს პატრიარქს პირადად იცნობდნენ, სოფელში კათოლიკოსის ყოველ ჩამობრძანებას საკუთარ მოგონებებში აცოცხლებენ. ემოციების გარეშე აქ ვერავინ საუბრობს.

პატრიარქის მშობლიური სახლიც უკვე ისტორიის ნაწილია. აქ გაიზარდა ილია მეორის მამა - გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილი და 1933 წელს აქვე დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქიც. დედა - ნატალია კობაიძე კი სნოს მიმდებარე სოფელ სიონიდან იყო. პატარა ირაკლი სკოლაში ვლადიკავკაზში შეიყვანეს, თუმცა მშობლიურ სოფელთან და დედულეთთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.

ჯერ კიდევ ერისკაცობაში ხშირად სტუმრობდა დედისეულ სახლსაც. ახლო ნათესავებთან ურთიერთობა არც მას შემდეგ გაუწყვეტია, რაც 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა.

პატრიარქს მშობლები ბავშვობიდან გამორჩეულ ხატად ჰყავდა. უკვე დაუძლურებულსაც კი წესად ჰქონდა, სნოში ყოველი ჩამოსვლისას მისულიყო დედის საფლავზე, სანთელი დაენთო და მუხლი მოედრიკა. მისი ქადაგებებიც მრევლს მშობლებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას შთააგონებდა.

დღეს სნოში უცნაური სიჩუმეა. სიჩუმე, რომელსაც ზოგჯერ ტაძარში ლოცვის ხმა არღვევს. აქ მის მიერ ხელდასმული სასულიერო პირები ერის სულიერ მამაზე ლოცულობენ. იხსენებენ კათოლიკოსთან დაკავშირებულ მოგონებებს და ხევის მიმართ მის განსაკუთრებულ სიყვარულს.

სნოში ახლა ტკივილს მადლიერება ცვლის და ხმა, რომელიც აღარ გაისმის, თითქოს მაინც რჩება - რჩება მოხევეების გულებში, მოგონებებსა და ამ მთებსა და მარადისობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×