
მსოფლიოს პატრიარქი ბართლომეოსი დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში, ილია მეორის წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს.
ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია. ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ კურტ კოხსა და მის თანმხლებს პირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი, და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.
ილია მეორეს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.
სიონის ტაძრამდე გზაზე, მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.