
დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „ღია ეთერი“.
„ჩვენ ყველანი ახლა ჩვენს პატრიარქს ვხედავთ, ის ყველა ჩვენგანისთვის იყო და ამით იყო ის უნივერსალური, ძალიან ახლობელიც, ძალიან ბრძენიც და კეთილიც, მაგრამ დგება დღეები, როდესაც ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ ამ ადამიანის ღვაწლს. მან ჩვენ გვასწავლა, როგორ უნდა ვყოფილიყავით მასთან ერთად ძლიერები, ახლა გამოჩნდება გვასწავლა თუ არა, როგორ უნდა ვიყოთ უმისოდ ძლიერები.
მთელი თავისი სიცოცხლით რასაც გვასწავლიდა ეს ადამიანი, ჩემი აზრით, თავისი სიკვდილითაც აგრძელებს. მან მთავარი კითხვა დაგვიტოვა - ვართ თუ არა ჩვენ ღირსნი იმ დიდი მდინარის, რომელიც საქართველოს ცხელი გულიდან მოედინება და პირდაპირ სამების ტაძარს უერთდება ამ დღეებში. წინ დიდი გამოცდა გველის - ვიქნებით თუ არა ჩვენ ამ სიყვარულის ღირსნი. რა არის.. რა იქნება ეს... ორი დღის, ერთი კვირის თუ ერთი თვის აღფრთოვანება, თუ საქართველო დიად პასუხს გასცემს თავისი დიდებული პატრიარქის საბოლოო მოწოდებას. ეს ფიქრი აქცევს ამ გლოვას დიდ დღესასწაულად. თუ ჩვენ ამ გზას გავივლით, თუ ჩვენ ამ სიყვარულის ღირსი ვიქნებით, მაშინ ეს ბედნიერება იქნება საქართველოსი და ეს იქნება საქართველოს ახალი გზა“, - აღნიშნა გია მურღულიამ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.