
აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები მოხსნა - ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ავრცელებს. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ლიცენზია გამოსცა, რომელიც ზღვებში მყოფ ტანკერებზე დატვირთული 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა.
„დღეს ხაზინის დეპარტამენტი მოკლევადიან ნებართვას გასცემს, რომელიც ამჟამად ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
მისი თქმით, ლიცენზია მხოლოდ ზღვებში ჩარჩენილ ტანკერებზე დატვირთულ ნავთობს შეეხება და ახალი შესყიდვების ან წარმოების უფლებას არ იძლევა.
„ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ნავთობზე დაბალი ფასები შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, ლიცენზია ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და ნავთობის გაყიდვა იმ ტანკერებიდან მოხდება, რომლებიც 20 მარტამდე დაიტვირთა. აღნიშნული ტანკერებიდან ირანული ნავთობის გაყიდვა, გადაზიდვა ან გადმოტვირთვა 19 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.