
მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდა ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე სრულად ასახული არაა - ამის შესახებ „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი აცხადებს.
როგორც ზაალ იაკობიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ნავთობიმპორტიორ კომპანიებს მიმდინარე პერიოდში გარკვეული მარაგები ჰქონდათ, რაც ნელ-ნელა უკვე იწურება.
შესაბამისად, მისი თქმით, თუკი მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ვითარება არ შეიცვლება, კომპანიებს შემდგომ პერიოდში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაცილებით მაღალ ფასად მოუწევთ.
ზაალ იაკობიძე ასევე აცხადებს, რომ თუკი რუსეთი საწვავის ექსპორტზე შეზღუდვებს დააწესებს, მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებზე ეს დამატებითი წნეხი იქნება.
„სამწუხაროდ, მოლოდინი მაინცდამაინც სახარბიელო და სასიხარულო არ არის, იმიტომ რომ ფასების გაძვირება მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ბაზარზე ჯერჯერობით არ არის ასახული. ამის მიზეზი ის არის, რომ გარკვეული ნაშთები იყო ქვეყანაში, სხვადასხვა კომპანიებს ჰქონდათ მარაგები, რაც ბუნებრივია იწურება. ახლა ახალი საწვავის შეკვეთა ძალიან პრობლემატურია იმ კუთხით, რომ [ნავთობის] ფასებმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ ყველა კომპანია ახალი პარტიის შეკვეთაში უკვე ძალიან დიდ რისკებს ხედავს. არავინ ვიცით, რა მოხდება უახლოეს პერიოდში, რამდენად დასტაბილურდება ნავთობის ფასი.
მეორე მხრივ, რუსეთმა დიდი ალბათობით შეიძლება [საწვავის] ექსპორტი შეზღუდოს. რუსეთში ეს საკითხი, მეტ-ნაკლები სიმძაფრით პრაქტიკულად ყოველწლიურად იდგა ხოლმე. შიდა მოხმარება როცა იზრდებოდა, პერიოდულად იკეტებოდა ხოლმე მათი მოწოდება, განსაკუთრებით ეს ბენზინს შეეხებოდა. შესაბამისად, ის საკითხი, რომ შეიძლება რუსეთმა აკრძალვები დაგვიწესოს შემოტანაზე, სავსებით რეალურია. ეს ისედაც ხდებოდა ხოლმე და ახლა ამ გართულებულ სიტუაციაში, შეიძლება კიდევ მეტი სიმძაფრით მოხდეს ეს ყველაფერი და ჩაკეტონ [ექსპორტი].
თავისთავად, ეს ყველაფერი ფასის ზრდის ფაქტორია. გაიზარდოს როგორც მსოფლიო, ასევე საქართველოს ბაზარზეც. ეს ერთმანეთზე მიყოლებით ხდება და ეს ის ლოგიკური ჯაჭვია, რომელიც ამას დიდი ალბათობით გამოიწვევს, თუ არ მოხდა რაღაც ისეთი დიდი შემობრუნება და ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
ცნობისთვის, მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 5-20 თეთრით, დიზელის კი 15-32 თეთრით გაიზარდა.