რეზონანსი
20.03.2026

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა მას „დიდი შეთანხმება“ შესთავაზა, რომელიც დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იგი შეხვედრაზე მიიწვია ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში.

„მოლაპარაკებების დროს ამერიკელებმა, ტრამპის სახელით, შემოგვთავაზეს დიდი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ არაერთ საკითხს მოიცავს. აბა, უარს ხომ არ ვიტყოდი? ამიტომ ვუთხარი: „გადაეცით დონალდს, რომ თანახმა ვარ, მოვამზადოთ ეს დიდი შეთანხმება“, - განაცხადა მან ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან დასძინა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ჩამოაყალიბა ბელარუსის ინტერესები და შესაბამისი წინადადება ამერიკულ მხარეს გაუგზავნა.

„როგორც მე მაცნობეს, ისინი ამ საკითხზე მუშაობენ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, „დიდი შეთანხმება“ მოიცავს „არა მხოლოდ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ჩვენ არ გვყავს“, არამედ საელჩოების ფუნქციონირებას, ბირთვული ნარჩენების შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს, საბაჟო საკითხებს, მათ შორის ნარკოტრაფიკსა და მეზობელ ქვეყნებში მეტეოროლოგიური ზონდების გამოყენებით სიგარეტის კონტრაბანდას.

„ჩვენთან ეს საკითხები თანდათან დაგროვდა და მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მათ თქვეს, რომ მზად არიან; დონალდი გვთავაზობს დიდ შეთანხმებას და შეხვედრას, მათ შორის თავის სახლში, ფლორიდაში, რათა განვიხილოთ ეს ყველაფერი და შევთანხმდეთ. მე ვუთხარი - ნებისმიერ დროს“, - დასძინა მან, თუმცა შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×