
სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე) პატრიარქის განსასვენებელი ადგილის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს. მღვდელმსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, საკურთხევლის წინ, ამბიონის გაგრძელებაზე, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს შორის დაიკრძალება.
„თავისთავად ცხადია სამების ტაძარი უშუალოდ უწმინდესის სახელთან არის დაკავშირებული. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს უშუალო ინიციატივითა და კურთხევით დაიწყო და დასრულდა სამების საკათედრო ტაძრის [მშენებლობა] და თავისთავად ცხადია, ის აზრი, რომ საზოგადოების ნაწილს ჰქონდა სურვილი, რომ სამებაში დაკრძალულიყო მისი უწმინდესობა აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ თავისთავად ცხადია, როდესაც არსებობს დანაბარები და ანდერძად შეგვიძლია ჩვენ ეს აღვიქვათ, თავად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა, ცხადია აქ უპირატესობა ენიჭება უწმინდესის სურვილს და ეს სურვილიც აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ კათალიკოს-პატრიარქის ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ უკავშირდება სიონის საპატრიარქო ტაძარს.
რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, სადაც ის იკრძალება, ეს ადგილი უკვე შეირჩა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდისა და შესაბამისი კომისიის, დამკრძალავი [კომისიის] მსჯელობის შედეგად. მინდა გითხრათ, რომ ძალიან განსაკუთრებული ადგილია ეს სიონის საპატრიარქო ტაძარში, ეს ახლაც, ამ წუთასაც მიმდინარეობს იქ სამუშაოები, იჭრება საფლავი. ეს ადგილი გახლავთ განსაკუთრებული იმიტომ, რომ ეს ადგილი გახლავთ ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე, საკურთხევლის წინ, ამბიონის გაგრძელებაზე, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს შორის.
მოგეხსენებათ, ათონის ივერთა მონასტერში, რომელიც ისტორიულად ჩვენი იყო და ავბედითობის გამო დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ არის, იქ არის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ეს ძალიან დიდი სიწმინდე, რომლის ასლიც 1988 წელს შესრულდა უშუალოდ აწ განსვენებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დავალებით და ეს ხატი ჩამობრძანდა 1988 წელს და მას შემდეგ სიონში დაიდო სავანე.
რაც შეეხება წმინდა ნინოს ჯვარს, მოგეხსენებათ, ეს არის ჯვარი, რომელიც სრულიად საქრისტიანოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ვაზი-ჯვარი გახლავთ, რომელიც შესაბამისი ისტორიული წყაროების თანახმად , მე-4 საუკუნეში წმინდა ნინო სწორედ აღნიშნული ჯვრით შემოდის საქართველოში და ხდება ამ ჯვრის მადლით საქართველოს გაქრისტიანება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქრისტიანობისა“, - განაცხადა მამა გიორგი ვაშალომიძემ.