
მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის თქმით, ილია მეორე კაცთმოყვარე ადამიანი იყო, უდიდესი სიყვარული ჰქონდა, რაც მას გამოარჩევდა. ხელოვანმა პატრიარქზე "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა:
"ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი სიმშვიდე, ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული. როდესაც მეცნიერი მიდიოდა მასთან, მეცნიერულ თემებზე ელაპარაკებოდა. მიდიოდა ჩვეულებრივი რიგითი პენსიონერი, მუშა, ხელოსანი, ყველას შეეძლო მისვლა, გამოყოფილი იყო დღეები და ყველას შეეძლო გასაუბრება. მე ანტრესორში ვმუშაობდი სახარებაზე და მის დარბაზში რა ხდებოდა, ჩემდაუნებურად ყველაფერი მესმოდა, იმ დარბაზში ვიჯექი მე თვითონაც, როდესაც ვმუშაობდი და ის იყო ადამიანი, რომელიც ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა და არასდროს თავს არ ამეტებდა არავის.
ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ გაქრა ეს ადამიანი, გარდაიცვალა, სხვა სივრცეში არსებობს. მან ერთხელ თქვა, როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ და მე აღარ ვიქნები, გარდავიცვლები, თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისე, როგორც ცოცხალს და თქვენს თხოვნას შევასრულებ.
დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოში დიდი ძვრები არ იქნება. მთელი მსოფლიო იძვრის, მიწისძვრასავითაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ და უწმინდესიც დარწმუნებული იყო, რომ ბეწვის ხიდზე გავივლით“, - განაცხადა რუსუდან ფეტვიაშვილმა.