რეზონანსი
19.03.2026

ვიდეოში ვამბობ, რომ ორგანიზატორი არ ვარ და პროკურატურის მთავარი მტკიცებულება მხოლოდ ის პერფორმანსია, რომელიც აქციის წინ გავრცელდა მედიაში , - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციამდე ყველა გადაცემაში აცხადებდა, რომ აქციის ორგანიზატორი არ იყო და არც რაიმე ინფორმაცია არ გააჩნდა აქციის დეტალებთან დაკავშირებით.

"დღემდე, სასამართლო პროცესზე დავდივარ და მტკიცებულება ვერ ვნახე. მე თუ აქციის შემდეგ ვიტყოდი, რომ არ ვიყავი აქციის ორგანიზატორი, უნამუსობა იქნებოდა, მაგრამ აქციამდე ყველა გადაცემაში ვამბობდი, რომ არ ვიყავი ორგანიზატორი. იმ დღესაც, 4 ოქტომბერს, სამი ეთერი მქონდა და კითხვაზე თუ სად იდგა სცენა და როდის დაიწყებოდა აქცია, ამ კითხვებს პასუხს ვერ ვცემდი, არათუ იმას, რასაც პროკურატურა გვედავება.

გამომძიებლებმა თქვეს, რომ ვიდეოში გეგმას ამბობდნენო, იქ საუბარი იყო იმაზე, რაზეც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა, რომ ეროვნული კრება იქნებოდა. იმის იქით მე ინფორმაცია არ მქონია. ასევე, გვაქვს მურთაზ ზოდელავას განმარტება, რომელიც ამბობს, რომ ის რაც გამოაცხადა სპონტანური იყოო, არავისთან არ შეუთანხმებია და ამოცანა აქციის ლოკაციის გაფართოება იყოო. ვიდეოში ვამბობ, რომ ორგანიზატორი არ ვარ და პროკურატურის მთავარი მტკიცებულება მხოლოდ ის პერფორმანსია [ვიდეო], რომელიც გავრცელდა მედიაში. სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ, რაც მოხდა, დამირეკეს ჟურნალისტებმა, ჩავეწერე და ფოტოს გადასაღებად დამიძახეს. არანაირი კომიტეტი სინამდვილეში არ არსებობდა. იმის თქმა, რომ პაატა მანჯგალაძე ნეგატიურ განწყობილებას გამოხატავს ხელისუფლების მიმართ, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ პაატა მანჯგალაძე ხმალალესილი იყოო...

6 თვეა რატომ ვარ აქ, რა ჩავიდინე რის გამოც აქ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა შემიფარდონ იმისთვის, რაც არ გამიკეთებია",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე, პაატა მანჯგალაძემ სამძიმარი გამოთქვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×