რეზონანსი
19.03.2026

გახლეჩილობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, არა მხოლოდ ილია მეორის, არამედ სხვა სასულიერო პირების მხრიდანაც, რადგან ამ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება გაერთიანება - ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო, მათ შორის ეს ქრისტიანული ფასეულობებიც და უნდა ვიყოთ მომართული ერთიანობისკენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „ინტერპრესნიუსს” სინოდის განჩინებაზე საუბრისას განუცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში - ცოდვების აღიარებაში, ურთიერთ მიტევებასა და შერიგებაში”.

მისი თქმით, ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, საზოგადოებაში.

ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქი დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის და ერისთვის.

„ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს, მართლმადიდებელ მრევლს, რადგან ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური მნიშვნელობის სულიერი მამამთავარი. აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მისი პატრიარქობის ჟამს მოხდა სულიერი ცხოვრების განვითარება ამ ქვეყანაში, ეპარქიების რაოდენობა გაიზარდა, ეკლესია-მონასტრების რაოდენობა გაიზარდა, მორწმუნეების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა. მას ჰქონდა საოცარი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მთლიანად ქრისტიანულ სამყაროში. რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის, მთელი ერისთვის და ჩვენ ყველანი ამ დიდი ტკივილის თანამოზიარეები ვართ”, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილის თქმით, პატრიარქი იყო გამაერთიანებელი, მაკონსოლიდირებელი ფიგურა.

„მისი მრევლი იყო აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანულ რელიგიაზე და იმ დატვირთვაზე მართლმადიდებელი ეკლესიის, რომ გაერთიანდეს ქართული საზოგადოება. ამ გახლეჩილობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, არა მხოლოდ ილია მეორის, არამედ სხვა სასულიერო პირების მხრიდანაც, რადგან ამ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო, მათ შორის ეს ქრისტიანული ფასეულობებიც და უნდა ვიყოთ მომართული ერთიანობისკენ. ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში. მხოლოდ საუბრით ვერ შემოვიფარგლებით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად კონსოლიდირდეს ქვეყანა და ნაკლები ზიზღი, სიძულვილი და მტრობა იყოს”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×