რეზონანსი
19.03.2026

BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ მიმდინარეობდა BBC-ის წინააღმდეგ მისი სასამართლო პროცესი.

ტრამპმა საუბარში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბრიტანული მედიასაშუალება და აღნიშნა, რომ მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „სიტყვები პირში ჩაუდეს“.

„იცით, CBS-მაც იგივე გააკეთა. იგივე სიტუაცია გვქონდა გადაცემა „60 წუთში“, თუმცა ეს წინა მფლობელების დროს მოხდა. ვფიქრობ, ამჟამინდელი მფლობელები კარგები არიან. მაგრამ BBC კიდევ უფრო შორს წავიდა. სინამდვილეში, მათ სიტყვები პირში ჩამიდეს და თქვეს, რომ საკმაოდ ცუდი რაღაცები ვთქვი. რაც რეალურად არ მითქვამს. ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.

მე ვუთხარი, რომ „ეს არასდროს მითქვამს“. ჩემმა გარემოცვამ თქვა, „ვაუ, რა ცუდი რაღაცები თქვი“. მე ვკითხე, რა ვთქვი საერთოდ? იცით, მე საკმაოდ კარგი ვარ ამ საკითხებში. როდესაც წლების განმავლობაში ამდენ პრესკონფერენციას ატარებ, ხარ აშშ-ის პოპულარული პრეზიდენტი, რომელმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რომელმაც მოიგო შვიდივე შტატი, მიიღო ხმების რეკორდული რაოდენობა, ალბათ ცუდად არ ვაკეთებ ამ საქმეს. მე ვუთხარი, რომ ეს არასდროს მითქვამს. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, BBC ასევე არასწორად აშუქებს ირანში ომს.

„BBC-იმ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო დღეს დილით მაინც ვუყურე მათ და ეს ძალიან არაზუსტი იყო, ომის შესახებ მათი რეპორტაჟი წარმოუდგენელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად გავანადგურეთ ეს ქვეყანა და თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ, თითქოს, ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობს. ეს ასე არ არის, ისინი ჩვენ თანაბარ ბრძოლას ვერ გვიწევენ. ეს ძალიან არაზუსტი, ყალბი ამბები იყო. ამიტომ ძალიან ვამაყობ ტერმინით „ფეიკ ნიუსი“, რადგან ეს ჩემი ტერმინი იყო. მე მოვიფიქრე. მაგრამ ეს ტერმინი აღარ არის ზუსტი. ეს უკვე არის კორუმპირებული, თაღლითური მედია. ეს ნამდვილად ასეა. ეს არის თაღლითობა. ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკ ნიუსი“. ეს ბევრად უარესია, მის მიღმაა. პრაქტიკულად დანაშაულებრივიც კი.

ეს ნამდვილად დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ. ბევრი არაფერი ვიცი BBC-ის შესახებ, გარდა იმისა, რაც მოხდა. ხალხი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ რა საშინელი რამ თქვი. მე ვკითხე, რა ვთქვი? და ისინი მეუბნებოდნენ რაღაცებს, რაც არასდროს მითქვამს. ჩვენ გადავამოწმეთ. ეთანხმებით? ისინიც ეთანხმებიან. ეს როგორღაც ხელოვნურმა ინტელექტმა ან რაღაც მსგავსმა შექმნა, მე კი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამიტომ მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. ისინი აღიარებენ, რომ დამნაშავეები არიან, მაგრამ ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საქმე“ - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×