
ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, რამდენიმე წუთის წინ, განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს.
მთელი ეპოქა შექმნა. ძნელია, მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც ამ სიტყვის პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა.
კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელს საქართველოს. ასეთი დიდი ადამიანები როცა გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო არის და იქნება. მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა. იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძელდება, განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ჩვენ ყველას“, - აღნიშნა მეუფე შიომ.